გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი დღეგამოშვებით მიეწოდებათ და საჭირო ოდენობით მომარაგებას ვერ ახერხებენ.
“ახლაც ახლოვდება არჩევნები და ალბათ ახლა გაახსენდებათ ჩვენი პრობლემა. მოვლენ, შეგვპირდებიან და დაიკარგებიან. დღეგამოშვებით, ისიც ერთი საათით, მოდის წყალი. ავავსებთ ჭურჭელში, მაგრამ ზაფხულია და როგორ უნდა ვიკმაროთ. განა რამდენი უნდა ავავსოთ? ასე ვიტანჯებით ყოველდღე”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ლამარა გოგინაშვილი.
როგორც მოსახლეობა ამბობს, პრობლემის მოგვარებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
“დღეს რომ ჩვენთან მოდის, ხვალ მეორე უბანს ექნება და ჩვენ დაგვიწყვეტავენ. ჭა უნდა გაებურღათ, რომ საკმარისი ყოფილიყო სოფლისთვის, მაგრამ არ ვიცით, რა ქნეს. ფაქტია, რომ არასაკმარისია წყლის ოდენობა. გვეუბნებიან ჰიგიენა დაიცავითო და სასმელად ძლივს გვყოფნის წყალი”, – ამბობს ციცინო ტეტუნაშვილი.