ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა ამისთვის სრულ მზადყოფნაშია. როგორც კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 400 მილიონამდე იზრდება.
„რაც შეეხება ბიუჯეტის შემცირების ნაწილს, ჩვენ პანდემიის გავრცელებისთანავე მნიშვნელოვნად შევზღუდეთ ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილი, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე მუნიციპალიტეტებში. იყო მათ შორის ხაზინის სამსახურიდან და შესყიდვების სამსახურიდან ძალიან აქტიური კომუნიკაცია, რათა ნებისმიერი ახალი ხელშეკრულება განხილულიყო და შეგვძლებოდა ნახვა რამდენად აუცილებელია ამა თუ იმ ხარჯის გაწევა. ამან შესაძლებლობა მოგვცა ჯამში დაახლოებით, 600 მილიონი ლარის ოდენობით არსებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეგვემცირებინა. მიმდინარე ხარჯები მცირდება 301 მილიონი ლარით, კაპიტალური ხარჯები მცირდება 299 მილიონი ლარით, რაც ჯამში 600 მილიონი ლარია. თუმცა, ამავდროულად, პანდემიიდან გამომდინარე, ჯამში გასაწევია 1 მილიარდ 920 მილიონი ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯები. საბოლოო ჯამში, შემცირების მიუხედავად მილიარდ 400 მილიონამდე გვეზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. როდესაც მაკროეკონომიკური პროგნოზები გამოქვეყნდა, ბევრი კითხვა იყო, რომ არსად არ ჩანს შემცირება, ამიტომ შევეცადე საკმაოდ დეტალურად ყოფილიყო ეს წარმოდგენილი პარლამენტში რომელ მუხლში სად რა ემატება და რატომ ემატება. სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში არის ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი თანხა 610 მილიონი ლარი, კომპენსაციების ნაწილში, პლუს 170 მილიონი ლარი კომუნალურის ნაწილში, უშუალოდ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებია 125 მილიონი ლარი, ფონდის თანხა 113 მილიონი ლარია, ასევე მაღალმთიანების ნაწილი, რაც საზღვრისპირა სოფლები დაემატა, 6 მილიონ ლარამდე იქნება საჭირო. საქონელი და მომსახურების ნაწილში გვაქვს 44 მილიონი ლარი საკარანტინო სივრცეების მომსახურების ანაზღაურება, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები, რაც დაკავშირებულია როგორც ტესტების, ასევე მკურნალობისთვის საჭირო მასალების, პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვასთან და ა.შ. აქ გათვალისწინებული 151 მილიონი ლარი. ეს თანხა ასევე გათვალისწინებულია იმ მეორე ტალღისთვისაც, რომელიც შესაძლებელია იყოს და ამისთვის ბიუჯეტში სრული მზადყოფნაა, რომ შესაბამისი ხარჯები დაფინანსებული იყოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.