კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული მუზუმ-ნაკრძალებიდან, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ვარძიისა და უფლისციხის კომპლექსები გაიხსნება. დროებით შემცირდა აქ შესვლის ღირებულებაც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
როდის გაიხსნება ქვეყანაში არსებული მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებისთვის, ეროვნულ სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ. თუმცა ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე, მხოლოდ ორი კომპლექსი გაიხსნება:
„როგორც კი მივიღებთ რეკომენდაციას, რომ შეგვიძლია უკვე მუზეუმ-ნაკრძალების გახსნა, პირველ ეტაპზე, იხსნება ორი მუზეუმ-ნაკრძალი, ვარძია და უფლისციხე. ეს ორი შეირჩა იმიტომ, რომ ღია სივრცეა და მათ შორის ყველაზე უფრო დატვირთულია ტურისტულად“, – აცხადებენ სააგენტოში.
მუზეუმ-ნაკრძალების ოფიციალურად გაიხსნიდან სამი თვის განმავლობაში დამთავლიერებლები შესვლას განახევრებული ტარიფით შეძლებენ.
ამ შემთხვევაში, ვარძიისა და უფლისციხისათვის დაწესებული ტარიფი, რომელიც 15 ლარს შეადგენდა, 7 ლარი გახდა: „ეს იმიტომ, რომ პირველ ეტაპზევე ხელი შევუწყოთ ტურისტის ნაკადის ეტაპობრივად ზრდას. მერე უკვე ავტომატურად გაგრძელდება იგივე ტარიფებით, რომლებიც ჩვენ წლის დასაწყისში მივიღეთ“.
კვლავ 1 ლარი იქნება ბილეთის საფასური საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის.
მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები.
საფასურის გადახდა არ შეეხებათ არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს.
ტარიფის განახევრება იგეგმება სხვა მუზეუმ-ნაკრძალებისთვისაც, აქაც გახსნიდან სამი თვის განმავლობაში.
„ჯერ არ ვიცით, როდის გაიხსნება მუზეუმ-ნაკრძალები. იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში მივიღებთ უკვე საბოლოო რეკომენდაციებს და ალბათ მალევე, სავარაუდოდ 20 ივნისამდე გვინდა რომ გავხსნათ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს“, – აცხადებენ სააგენტოში.