როდის დასრულდება პარლამენტის ტერიტორიის რეაბილიტაცია? – კალაძის განმარტება

460

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამუშაოები ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს. პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, ისევე როგორც სხვა პროექტებში, თუმცა ახლა სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ჩართულობით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ვფიქრობ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვის წინ, 22 იანვარს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას.