ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება

835

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ავალიშვილის ქუჩამდე ასფალტი უკვე ბოლო ფენებშია დაგებული. გზა, რომელიც სამუშაოების გამო დაკეტილი იყო, დღეიდან გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ბოლო ეტაპის სამუშაოები მოიცავს ავალიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთს, სადაც მთლიანად ხდება გზის განახლება ანუ საკომუნიკაციო ჭის თავების ამოწევა. ასევე, მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვა. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ბოლოს იქნება დახაზვები და განათების ბოძების განახლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები, რომლის შემდეგაც დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენებში მოწყობა. როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ განაცხადა, საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება.

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.