გლდანის მერვე მიკრორაიონში N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა. დედაქალაქის მერის თქმით, ადგილზე სხვადახვა ზონა იქნება მოწყობილი.
„დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორიაა, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი იცვლება. ახალი ხე-ნარგავები იქნება განთავსებული, სარწყავი სისტემები კეთდება, განათების სისტემები. ბავშვებისთვის სპეციალური კუთხე იქნება ატრაქციონებით მოწყობილი. ასევე იქნება სპეციალური ზონა, სადაც ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი. ანუ ყველაფერი კეთდება კომპლექსურად, თავისი საფეხბურთო-საკალთბურთო მოედნებით, რომ ადამიანებს ღირსეულად დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – აღნიშნა მერმა.
პროექტის განხორციელებაზე გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს.