ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის პროექტი LMC-მ ზაფხულის ბოლოს უნდა წარმოადგინოს

754

ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის პროექტი კომპანია LMC ზაფხულის ბოლოს უნდა წარმოადგინოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და მერიის გარემოს დაცვის სამსახურს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და კომპანიამ ევროპის ერთ-ერთი დიდი კასკადის პროექტი უნდა დაამუშავოს.

“თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს “ელემსისთან” ხელშეკრულება გაფორმა. ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც არსებული კასკადის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენას მოახდენს, რომელიც ზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში დამუშავდება კასკადისა და შადრევნების როგორც არქიტექტურული, ასევე საინჟინრო პროექტები, მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების შედეგად ობიექტის პირვანდელი სახე იქნეს შენარჩუნებული.

ეს არის ევროპის ერთ-ერთი დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც მოუვლელობის გამო უკვე წლებია არ მუშაობს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ვაკის პარკს და ამ კასკადს აქვს კულტურული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი, შესაბამისად ძალიან მნიშნელოვანია თითოეულ დეტალზე მუშაობა, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი, როგორიც ეს წარმოუდგენიათ თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, პროექტი რომელიც განხორციელდება იქნება ერთ-ერთი საუკეთესო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კასკადის წყლით უზრუნველყოფის შესაძლო ვარიანტებიც გააჟღერა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მოკვლევა დაწყებულია.

“პროექტის ფარგლებში კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული და ასევე საუბარია ვერეს ხეობიდან წყლის ამოღებაზე, რომ კასკადმა უპრობლემოდ შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად გამოიყენება, თუმცა, შესწავლა მიმდინარეობს და ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას ამ კვლევაზე”, – განაცხადა თბილისის მერმა და დასძინა რომ კასკადი წლების განმავლობაში უფუნქციოა.

მისივე თქმით, ვაკის პარკს და ამ კონკრეტულ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ისეთი, როგორიც ეს წარმოუდგენიათ თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ყველა ვიამაყებთ ამ კონკრეტული პროექტით. მე ბავშვობაში მახსოვს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ეს კასკადი მუშაობდა, ძალიან ლამაზი იყო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე იყო ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.