ოქტომბრის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ, უბნებზე სავალდებულო იქნება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა

1015

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების გამოყენებით ჩაივლის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება კი სპეციალური ხსნარებით განხორციელდება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაივლის უშუალოდ საარჩევნო კამპანიას და მის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრებიც.

„ხელისუფლება უკვე მუშაობს უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იქნება მოწოდებული. უსაფრთხოების წესები მინიმუმამდე შეამცირებს საარჩევნო პროცესის გამო კორონავირუსის გადაცემის ალბათობას და ამავე დროს არ შეზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას და საარჩევნო უფლების რეალიზებას.

განიხილება ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალური დისტანციის დაცვა, რეკომენდაცია შეხვედრებისთვის ღია სივრცეების გამოყენებაზე, პირბადეების გამოყენება საჯარო სივრცეებში, თერმოკონტროლი, სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება სპეციალური ხსნარებით, ამომრჩეველთა რიგის ორგანიზება 2-მეტრიანი დისტანციით, ბიულეტენების დათვლის დროს ხელის ჰიგიენის დამატებითი ზომების შემოღება და სხვა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ამ რეკომენდაციების პაკეტს შეიმუშავებს, რომელიც შემდეგ მთავრობასა და პარლამენტთან იქნება შეთანხმებული. რასაკვირველია, ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართება სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთანაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.