საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, 4 ივნისს, 22:30 საათზე გაიმართება

724

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო სახალხო განხილვა 4 ივნისს სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ.

“კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, შექმნილია საკონსტიტუციო კომისია. საერთო- სახალხო განხილვებს რაც შეეხება, 4 ივნისს გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს იმას, რომ პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით დაუსვან კითხვები კომისიის წევრებს და მათ ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში გასცენ ამომწურავი პასუხები ჩვენს მოქალაქეებს. „კოვიდ 19“- ის გავრცელების გამო მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვალა და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა რეკომენდაცის საფუძველზე მოხდება არა პირდაპირ გასვლა საზოგადოებაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არამედ განხორციელდება ტელეკომუნიკაციების საშუალებით პირდაპირი ჩართვა. საერთო სახალხო განხილვები, რაც არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, რომ ერთი თვის განმავლობაში უნდა შედგეს, შედგება და შედგება იმ ფორმატით, რაც მოგახსენეთ. პირველი განხილვა იქნება 4 ივნისს, 22 საათსა და 30 საათზე. ასევე იქნება აჭარის ტელევიზიის მეშვეობით რეგიონში ჩართვა, პირდაპირი ტრანსლაცია, აქაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება იგივე ფორმატით, რომ კითხვები დასვან,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტში არსებობს იმის რესურსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერის გარეშეც მიიღონ.

“რაც ეხება შეთანხმების შესრულებას, დარწმუნებული ვარ იმაში ,რომ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ტოლობის ნიშანს არ დასვამს გიორგი რურუას გათავისუფლებასა და ქვეყნის მომავალს შორის. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვაქვს ინფორმაცია, რომ უმრავლესობის და რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერა ეყოფა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ჩვენთვის, პოლიტიკური მომავლისთვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულება შესრულდეს, რაც შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი ოპოზიციის ნაწილისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებებს. თუ გადაწყვეტენ მაინც “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” რომ არ დაუჭირონ მხარი, ეს მათზე ნეგატიურად აისახება მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თუმცა, მაინც მოლოდინი გვაქვს, რომ მხარს დაუჭერენ საბოლოოდ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.