საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ცხელი ხაზი – 111 დღეიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცხელი ხაზი უკვე ერთი თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამ ხნის მანძილზე დახმარების თხოვნით 471 ზარი შევიდა, საიდანაც 249 შემთხვევაში ბავშვებს დახმარება უკვე გაეწიათ.
„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გითხრათ, რომელთან დაკავშირებითაც თავდაუზოგავად იმუშავა გასული ორი თვის მანძილზე „ქართული ოცნების“ გუნდმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა. ეს ინიციატივა მომზადდა ბავშვის უფლებათა კოდექსისა და კოვიდ 19- ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არის მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა შეეკრა კარგი კოორდინაციის მექანიზმი სახელმწიფო სერვისებს და ბავშვიან ოჯახებს შორის. ცხელი ხაზი მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპით და ჩვენ თავს ვუყრით ყველა იმ არსებულ სერვისს, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს როგორც სოციალური, ასევე განათლების, ჯანდაცვის კუთხით, ძალადობის წინააღმდეგ და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ბავშვებს და ბავშვიან ოჯახებს ეხება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ზედამხედველობას უწევს, რომ ამ სახელმწიფო სერვისების თითოეული სიკეთე მივიდეს კონკრეტულ ბავშვამდე და ოჯახამდე, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდება. ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი პირველი მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში და დღეიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება. ჩვენ დავაჯამეთ ბავშვის ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები და ეს შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: 471 დახმარების თხოვნა შემოვიდა, აქედან 249 ოჯახს და ბავშვს გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს და ამ ბავშვებსაც დავეხმაროთ.
გარდა ამისა, იმ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ აზარტულ თამაშებზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა, შეეძლებათ ცხელი ხაზის დახმარებით უფასო კონსულტაცია მიიღონ ფსიქოლოგთან, ასევე კონსულტაციის მიღებას შეძლებენ ამ ბავშვების მშობლები და ახლობლები,”- განაცხადა სოფო კილაძემ.