აჭარის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა 15 ივნისიდან ეტაპობრივად ამუშავდება

496

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, კოვიდ პასპორტი ექნებათ და შემოსვლისთანავე მიეწოდებათ ყველა საჭირო ინფორმაცია.

როგორც ზაალ მიქელაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, ტურისტებს კორონავირუსზე ტესტი მინიმუმ 72 საათის ჩატარებული უნდა ჰქონდეთ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ გაცემულ რეკომენდაციებს დამსვენებლები შეასრულებენ.

„ნუ წარმოვიდგენთ, რომ თუ გვეყოლება 20 000-30 000 დამსვენებელი ზღვაზე, რესურსი იქნება, რომ თითოეულ ადამიანს მეთვალყურე გამოუყოს სახელმწიფომ. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და არც არის მიზანშეწონილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ ვართ იმ მოწოდებების დაჯერების იმედად, რაზეც გვაქვს რეკომენდაციები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გაითვალისწინებენ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურისტები“ , – აღნიშნა მიქელაძემ.

მიქელაძის გაცხადებით, ტურისტებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოს ჯანდაცვის სისტემით.

„დარწმუნებული ვარ, საინფორმაციო კამპანია ყველა ქვეყანაში დიდი წარმატებით ტარდება. ასევე, თითოეულ მათგანს მიეცემა შემოსვლის დროს დამატებით ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ყველა შემომსვლელი თავისი ქვეყნიდან კოვიდ პასპორტის მსგავს მონაცემს თან იქონიებს. დღეს ერთიან სისტემაზე შეჯერდა მსოფლიო და იქნა კოვიდ პასპორტის სახით წარმოდგენილი, რომელიც მინიმუმ 72 საათის ჩატარებული ტესტირების პასუხი იქნება. ჩვენი მოქალაქეების შემთხვევაში, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, მათ მიეწოდებათ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ყველა საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენი ჯანდაცვის სისტემით, რომელიც არის მზად, ისევე როგორც იყო წინა პერიოდში. ყველა საეჭვო ნიშნის მქონე პაციენტი გადაყვანილი იქნება კლინიკაში და დამატებით ჩაუტარდება ტესტი“ , – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შიდა ტურიზმის გახსნისთანავე ეტაპობრივად ამუშავდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.

„როგორც კი შიდა ტურიზმის ამუშავება დაიწყება, რომელიც დაანონსებულია 15 ივნისიდან, ეტაპობრივად გაეშვება ყველა ზონა. რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, აქ არაფერი უშლის ხელს, რადგან ეს არის ღია სივრცე და დასაცავი იქნება მხოლოდ სოციალური დისტანცია, სხვა ყველაფერი მზად არის იქ. ნახევრად დახურულ სისტემებში, სადაც სიმჭიდროვე შეიძლება მეტი იყოს, იქნება რეკომენდაციები და როგორც ატრაქციონები, ისე მუზეუმები გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით იქნება გაშვებული“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.