საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო

472

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 5 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მათივე ცნობით, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში საგზაო სამუშაოები გრძელდება. მათ შორის, არის ბატონიშვილის ქუჩა, სადაც გზის მოწესრიგება დავიწყეთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი“ აწარმოებს. პროექტის დაფინანსება 450 000 ლარს შეადგენს.