ხმალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობას პატრულიც გააკონტროლებს

1265

29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი პრინციპით იმოძრავებს. მგზავრთა რაოდენობა ტრანსპორტშიც და გაჩერებებზეც გაკონტროლდება, ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, იქნება პირბადეები მოთხოვნილი და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება. ჯერჯერობით, ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი სიტყვებით, მეტროს ვაგონებში ხალხმრავლობის ასარიდებლად, მეტროში განსაზღვრული რაოდენობის ხალხს შეუშვებენ, ნაკადის შესაბამისად.

„ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში ერთ შეშვებაზე. ყველა მეტროსადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონიდან გამომდინარე. ადამიანების რაოდენობის კონტროლი და დაკვირვება ხდება როგორც ზედა ვესტიბიულში, ასევე ქვედა ვესტიბიულში და თვითონ ვაგონებში. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შედეგად შესაძლებელია მოხდეს 2 წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა“, – აღნიშნა ხმალაძემ.

მისი განცხადებით, კონტოლის ზომები საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოთხოვნა იარსებებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

საქართველოში 29 მაისიდან განახლდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა. მათ შორის მუშაობას განაახლებს თბილისის მეტრო.