გორის მერია სექტემბრამდე კონკურსს გამოაცხადებს და 4 ახალ თანამშრომელს მიიღებს, რომელთა ხელფასებისთვისაც თვეში 3900 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნული კადრების მიღებას მუნიციპალიტეტი 1 ივნისამდე აპირებდა, თუმცა როგორც დღეს პრესსამსახურში განმარტეს, ამ თარიღმა პანდემიის გამო სექტემბრამდე გადაიწია.
საუბარია ბავშვთა დაცვის და შრომის უსაფრთხოების განყოფილებებზე. პირველ შემთხვევაში, ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშნული კადრის თანამდებობრივი სარგო თვეში 1200 ლარი იქნება, მისი 3 სპეციალისტის კი 900-900 ლარი.
რაც შეეხება მეორე განყოფილებას, აქ საუბარია უკვე არსებული 2 შტატისთვის ფუნქციების შეთავსებაზე, რომელთა ხელფასი თვეში 700-700 ლარით განისაზღვრება.
ორი კვირის წინ გორის მერმა ამ საკითხზე გადაცემაში “კომუნიკაცია დისტანციურად” ისაუბრა, თუმცა მაშინ ვადების გადადებაზე ინფორმაცია არ გაუჟღერებია და აღნიშნა, რომ 1-ელ ივნისამდე კონკურსის წესით აპირებდნენ ახალი კადრების შერჩევას. დღეს კი უწყებაში განმარტავენ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ მუნიციპალიტეტებს ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა 3 თვით გადაედოთ და ბიუჯეტიდან ამ მხრივ თანხები დაეზოგათ.