დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 200-მდე ფიჭვის ხე, 25 მაისს, ხუდადოვის ტყის მიმდებარედ არსებულ ფერდობებზე მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება.
„თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო.
კვლევით დამტკიცდა, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია ორი სახეობის მავნებელი (Tomicus Destruens, Tomicus Piniperda), რომელიც მათ ხმობას იწვევს. შესაბამისად, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების განხორციელება აუცილებელი გახდა.
სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.
სამუსაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.