ტყეში საქონლის საძოვებლად, ასევე, დასვენებისა და გართობის მიზნით ცეცხლის დანთებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა

651

ტყეში საქონლის საძოვებლად სპეციალური ადგილების გამოყოფა მოხდება. პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ტყის კოდექსის“ პროექტის თანახმად, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების გათვალისიწნებით, ხოლო მეორე მხრივ, ტყეში გადაჭარბებული ძოვების პრაქტიკით გამოწვეული უარყოფითი შდეგების გათვალისწინებით, კოდექსი ადგენს სახელმწიფო ტყეში საქონლის საძოვებლად შესაბამისი ტერიტორიების გამოყოფის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყის ფუნქციური დანიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელია. ტყეში საქონლის ძოვების ადგილების გამოყოფა და კვოტების დადგენა განხორციელდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე. საქონლის ძოვებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.

გარდა ამისა, ტყეში დასვენებისა და გართობის ინტერესების გათვალისწინებით, ცეცხლის დანთება დასაშვები იქნება მხოლოდ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. კოდექსის პროექტის თანახმად, იქ, სადაც ცეცხლის დანთება იქნება ნებადართული, შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი განთავსდება.

ტყის კოდექსის პროექტი უშვებს მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული მერქნული რესურსების ნარჩენების დაწვას ტყის მიწის ფარგლებში.