ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ეცნობიან

765

ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში გამართულ შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ხუცაიძემ ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ გააცნეს და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთი შეხვედრები კვლავ გავაგრძელოთ, თითოეულ ფერმერს მივაწოდოთ ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის შეთავაზებები, რასაც ხელისუფლება მათ სთავაზობს,“ – აღნიშნა ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

კონსტანტინე ხუცაიძის განცხადებით, იმ პროგრამების მეშვეობით, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ.

„ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვ. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.