ნაძალადევის რაიონში, ამ ეტაპზე, 4 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N39ბ და N39ვ-ში ხორციელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელი სრულად შეიცვალა. 670 გრძივი მეტრი ახალი მილები მოეწყო და 14 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„აქტიურად ვაგრძელებთ კორპუსების დაზიანებული კომუნიკაციების რეაბილიტაციას. კონკრეტულად ამ პროექტით ორი კორპუსის მოსახლეობას, 140 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები. წყალარინების ქსელის შეცვლის შემდეგ, ასფალტის საფარიც დაიგება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
თბილისის მერიის ცნობით, ორივე კორპუსის ქსელის შეცვლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 120 000-მდე ლარს დახარჯავს.