მაია ბითაძე: ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს, მათ შრომას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

609

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით დაახლოებით თვე-თვენახევრის წინ მერი შეხვდა ყველა მეპატრონეს, მათ შევთავაზეთ განვითარების კარგი მოდელი, რომლის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება პრობლემა, რომელიც ელიავას ბაზრობის ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, დასაქმებულ ადამიანთა შრომის უსაფრთხოების წესებს ეხება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი თავად მოამზადებს განაშენიანების რეგულირების გეგმას აღნიშნული ტერიტორიისთვის.

„მუნიციპალიტეტი თვითონ გეგმავს განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების მომზადებას აღნიშნულ ტერიტორიისთვის, ისევე როგორც ეს არის ნაკარნახევი გენერალური გეგმის მხრიდან. თითოეულმა მესაკუთრემ გამოთქვა თანხმობა, მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ შემუშავებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტში. შესაბამისად, კიდევ უსვამს ეს ხაზს, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათ შრომას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, ჩვენი მთავარი მიზანია, ეკოლოგიურად და შრომის უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მეუწესრიგებელი ტერიტორია ქალაქის გულში ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს. ეს ასეც მოხდება“, – განაცხადა ბითაძემ.

კითხვაზე, ეს ხომ არ არის მიზეზი, რომ ელიავას ბაზრობა არ იხსნება, დედაქალაქის მერის მოადგილე ამბობს, რომ არანაირ კავშირში არ არის.

„განაშენიანების რეგულირების გეგმა და ელიავას ბაზრობის მოწესრიგების საკითხი გაგახსენეთ, რადგან შეგახსენოთ, რაოდენ მნიშნველოვანია ჩვენთვის სწორი ურბანული განვითარება, რომელსაც კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.