გორში შშმ პირები მესამე თვეა საბუთებს ვერ აწესრიგებენ

493

გორში, კომბინატის დასახლებაში ქირით მცხოვრებ ოჯახს ბინიდან ასახლებენ იმის გამო, რომ მერიასთან ხელშეკრულება მესამე თვეა ვერ გაფორმდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

სახლის მეპატრონე აცხადებს, რომ მურადაშვილებს ბინის დაცლა მოუწევთ, თუ წინა გაცდენილი თვეების თანხა არ დაიფარება. მურადაშვილები კი ამაოდ ცდილობენ, გორის მერიასთან ქირის ხელშეკრულება დროულად გაფორმდეს.

,,მეპატრონე მოხუცი ქალია. ქირის ხელშეკრულებაზე ხელი მაგან უნდა მოაწეროს. ძალიან ჭირს მისი წაყვანა მერიაში ან იუსტიციის სახლში, რომ ქირის ხელშეკრულება გაფორმდეს. ამასობაში კი დრო გადის. მესამე თვე დაიწყო და მერიამ ვერ აგვინაზღაურა თანხა. სამი თვის თანხა გვაქვს გადასახდელი,” – ამბობენ ოჯახის წევრები.

გორის მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ბინის ქირასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პრობლემები არასდროს შექმნიათ, მთავარია საბუთები ჰქონდეთ წესრიგში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კი საბუთების მოწესრიგება უჭირთ.

ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ: 20 წლის მარი მურადაშვილი და მისი დედ-მამა. მათ საკუთარი სახლი დიდი ხანია გაყიდეს.

“როცა მარი პატარა ყავდათ, სამკურნალოდ თანხა ჭირდებოდათ. სახლი გაყიდეს და დარჩნენ უსახლკაროდ. მას შემდეგ აქეთ-იქით ქირით ცხოვრობენ,” – ამბობს მეზობელი.

ოჯახის სამივე წევრს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, თანაც ყოველდღიურად.

მარი მურადაშვილი უკვე 20 წლისაა. მის დაბადების დღეს წლებია სხვადასხვა ბინაში აღნიშნავენ.

“28 მარტამდე ცხოვრობდნენ ჭონქაძის ქუჩაზე. პირველ სართულზე იყვნენ, ძალიან ცუდ პირობებში. იქიდან წამოვიდნენ და ბაქოს ქუჩაზე იშოვეს ბინა. 28 მარტიდან დღემდე მერიასთან ვერ გაფორდმა ხელშეკრულება, რომ თანხა აუნაზღაურონ მეპატრონეს,” – ამბობენ მეზობლები.