საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება სრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 11 864 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყო 556 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი და დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდი.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
„დიდ დიღომში, მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. ეს არის ნესტან- დარეჯანის ქუჩა, რომელიც დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს აკავშირებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიებიც მოვაწესრიგეთ და სოფელ დიღომთან ახალი დამაკავშირებელი ხიდი მოვაწყვეთ, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის დასრულებს შემდეგ, როგორც ქუჩის მცხოვრებლები, ასევე დიდი დიღმის და სოფელ დიღმის მოსახლეობაც კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“ , – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტებისთვის კი ბიუჯეტიდან 1 005 940 ლარია გამოყოფილი.