ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, თუ რატომ მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ჭების მოასფალტება

1049

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც ასფალტის საბოლოო ფენის დაგება დაიწყება.

ამასთან, მერის მოადგილემ განმარტა, თუ რატომ მოხდა გამზირზე არსებული ჭების მოასფალტება.

„მინდა, ზოგიერთ ტელევიზიას ვთხოვო, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, რომ ინფორმაციას ცალმხრივად ნუ გააჟღერებთ და ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში! არასდროს გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, არცერთ მედია საშუალებასთან. ახლა ჩვენ ჩაკეტილი გვაქვს ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით მონაკვეთი, სადაც დაახლოებით ერთ კვირაში მოძრაობა სრულად გაიხსნება. მინდა, კიდევ ერთხელ განვუმარტო მოსახლეობას, რომ არანაირი მილების ჩადება აქ არ დაგვიწყია და უფრო მეტი სერიოზულობით თუ მიუდგება კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხი ამ საკითხს, უკეთესი იქნება და თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ეს პროცესი არავისთვის იქნება გასაკვირი.

იცით, რომ გამზირზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. როდესაც ახალი ქსელი ეწყობა, ამას სჭირდება ახალი ჭის სახურავები, რომელზეც ქვედა ფენის საფალტის საფარის დაგება ხდებოდა. ამას რომ არ შეექმნა დისკომფორტი მანქანით გადაადგილებისთვის და გაზაზე არ ყოფილიყო წამოწეული, ამიტომ მოხდა ასფალტის ქვედა ფენაში გადაგება, მაგრამ ყველა ჭის ნიშნული იყო აღებული. ახლა მიმდინარეობს გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება, რა დროსაც უნდა მოხდეს ამ ჭების წამოწევა. ეს რომ თავიდანვე გაგვეკეთებინა, ჭავჭავაძის გამზირზე 300-მდე ხელოვნურად წარმოქმნილი ბარიერი შეიქმნებოდა ჭის სახურავების სახით“, – განაცხადა ბენდლიანმა.