კორონავირუსის პანდემიის პრევენციის გამო შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გრძელდება. უკვე განახლდა მუნიციპალური ავტოსადგურის მშენებლობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლების უფლება 5 მაისიდან მოგვეცა. მას შემდეგ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, რომ, შეფერხებების მიუხედავად, ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციები შეძლებენ დროულად დაასრულონ სამუშოები. შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, დაგვჭირდეს ვადების გაგრძელებაც, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის იმაში, რომ წლის ბოლომდე თითქმის ყველა დაგეგმილი პროექტი განვახორციელოთ “, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება საკანონმდებლო ცვლილებებზეა დამოკიდებული, რომლის მიხედვითაც გორს მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება მიეცემა.
ინფორმაციისთვის, ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა, რომლის ღირებულება 951 000 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი.
პროექტის დასრულების შემდეგ გორში პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.