ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა

388

წინა სტატია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სექტორზე, რომლის ეტაპობრივი ამოქმედებაა დაგეგმილი. ამავე დროს, აღინიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა სტიმულირების პროგრამას აამოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიმართულებითაც. შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და მასში 30-ზე მეტმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასწავლო – აკადემიურ და სამეცნიერო – კვლევის ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ უკვე წარადგინა ტურიზმის სექტორის კრიზისიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე ფაზას მოიცავს. მისი თქმით, აღნიშნული სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ამავე დროს, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა აქტიურად განიხილავს სხვა დარგების მხარდაჭერის შესაძლებლობასაც, რომელთაც აქვთ არა მხოლოდ იმპორტდამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა, არამედ საექსპორტო პოტენციალიც. კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია იყო. აღნიშნულმა საკითხმა მეცნიერ-ეკონომისტების დიდი ყურადღება გამოიწვია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება.

„ყოველთვის ძალიან საინტერესოა მეცნიერ-ეკონომისტების მოსმენა. ჩვენი ეკონომიკა დღეს საჭიროებს შველას, დახმარებას და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების ჩართულობა და მათი მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.