11 მაისიდან, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, 12 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება

540

11 მაისს, 06:00 საათიდან 12 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება დაიწყება.

თბილისის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყო ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირი სრულად ადაპტირდება. გარე განათების ქსელი შეიცვლება და თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ლედ განათების სისტემა დამონტაჟდება, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცა.

ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯა.