ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მაისის ბოლოს სრულდება, – ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.
ბენდელიანის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადების დარღვევა არ მოხდება და მოძრაობა, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მაისის ბოლოს აღდგება.
“ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე ვართ; დარჩენილია ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთი, სადაც მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ერთი წუთით არ გაჩერებულა მუშაობა, არც ამ ობიექტზე და არც – ქალაქში არსებულ სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შესაბამისად, იმ ვადაში, რაც ჩვენ ვთქვით – მაისის ბოლომ ეს მონაკვეთი დასრულებული იქნება და გაიხსნება ანუ მოძრაობა და გადაადგილება შესაძლებელი იქნება, – აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.
მეოთხე ეტაპის სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული საგზაო მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები და გაზსადენი, ამის შემდეგ კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს.