მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა

459

მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 მილიონ 299 488 ლარია. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი.

პროექტი 2020-2021 წლების თბილისის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდება. კერძოდ, 2020 წელს – 30%; ხოლო 2021 წელს – 70%.

წინადადებების მიღება 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 156 497 ლარი, გარანტიის ოდენობა 312 995 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღეა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს. სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 12 თვეა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად თბილისის მერიას ზარალი მიადგება დარჩენილ 2,5%-ზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების ახალი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის, მათ შორის ნებისმიერი ღირებულების, ერთი ან განუსაზღვრელი რაოდენობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული გზების, აგრეთვე, ხიდების ან/და ესტაკადების ან/და გზაგამტარების მშენებლობის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.