ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე სრულდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფილები, ბორდიური, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი. ასევე, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. მოეწყობა ფანჩატური, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ლოტკინის მოსახლეობისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული ადგილია, თუმცა ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა კეთილმოწყობილი სკვერი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე ექნება. ასევე, ბავშვებისთვის გასართობი ზონაც მოეწყობა“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
თბილისის მერიის ცნობით, სამღერეთის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 156 000-მდე ლარი გამოყო.