კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ და 10-მა გამგეობამ ჯამში 23 ტენდერი შეწყვიტა და 2 თავიდან გამოაცხადა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ თბილისის მერიის მიერ შეწყვეტილი ტენდერების ჯამური თანხა 3 მილიონ 469 509 ლარია.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე გამგეობამ გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა და გამარტივებული შესყიდვა, შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს თანხმობის საფუძველზე განახორციელა.
მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი, 4 ტენდერი სამგორის რაიონის გამგეობამ შეწყვიტა, აქედან ერთზე გადაუდებელი შესყიდვა განახორციელა.
საბურთალოს რაიონის გამგეობამ თებერვალ-აპრილის პერიოდში მხოლოდ ერთი ტენდერი შეწყვიტა, რაც სასაჩუქრე კალათების შესყიდვისთვის იყო გამოცხადებული. კერძოდ, მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საბურთაოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 1350 სასაჩუქრე კალათა რაიონის გამგეობას არ შეუსყიდია. ასევე, არ განხორციელდა შესყიდვა უსინათლოთა კავშირის ბაზაში არსებული მოქალაქეებისთვის 64 სასაჩუქრე კალათის შსყიდვა; დიდი სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანებისთვის 22 სასაჩუქრე კალათის შესყიდვა და 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის 16 სასაჩუქრე კალათის შესყიდვა. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის 18 მარტს და შეწყდა 13 აპრილს.
თუმცა, განსხვავებული მიდგომა ჰქონდა აღნიშნულ სასაჩუქრე კალათებთან დაკავშირებით გლდანის რაიონის გამგეობას. მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 270 300 ლარის ღირებულების სასაჩუქრე კალათები რაიონის გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თანხმობით, გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელა, რაც განკუთვნილი იყო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო სასადილოების ბენეფიციარებისა და ომის ვეტერანებისთვის. ასევე 9 მაისისა და 26 მაისის დღესასწაულებთან დაკავშირებით სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ვეტერანებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის.
რაც შეეხება გლდანის რაიონში სკვერებისა და გამწვანებითი სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომლის შირებულება 185 440 ლარი იყო, გამგეობა ხელახალი შესყიდვის საკითხს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ აპირებს.
კრწანისის რაიონის გამგეობამ თებერვალ-აპრილში 3 ტენდერი შეწყვიტა, აქედან 2 თავიდან გამოაცხადა. კერძოდ, შეწყვეტილ ტენდერებში მოხვდა დედის დღესთან დაკავშირებული კულტურულ-გასართობი ღონისძიების ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვა, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვა; ასევე, გამგეობის ადმინისტრაციული შენობის, კალა-ორთაჭალის და ფონიჭალის საუბნო განყოფილების კუთვნილი ოთახების დაგვა-დასუფთავების სამუშაოებისთვის სახელმწიფო შესყიდვა, თუმცა, ბოლო ორ საიკთხზე გამგეობამ ტენდერი თავიდან უკვე გამოაცხადა.
ორი ტენდერი აქვს შეწყვეტილი მთაწმინდის რაიონის გამგეობას და საკითხის განხილვას საყოველთაო კარანტინის შემდგომ აპირებს. კერძოდ, შეწყვეტილია მთაწმინდის რაიონში განსათავსებელი გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების სახელმწიფო შესყიდვა და ასევე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნარდის მოყვარულთა შორის სპორტული ნარდის ტურნირის ორანიზების სახელმწიფო შესყიდვა.
შეწყვეტილია ისნის რიონის ტერიტორიაზე „ორთაჭალის ტურფა“-ს მიმდებარედ არსებული ქუჩების საკანალიზაციო ქსელების მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერიც, ასევე, ისნის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების სპარტაკიადის (ფრენბურთი, პნევმატური პისტოლეტით ტყვიის სროლა, ჭადრაკი, „სტრიტბოლი“, მაგიდის ჩოგბურთი) რვადღიანი ტურნირის ორგანიზება.
რაც შეეხება ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, სამი ტენდერი აქვს შეწყვეტილი. კერძოდ, მამარდაშვილის ქუჩის 22 ნომერში და ჩუბინაშვილის 23 ა /25-ში არსებული სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა და ჩუღურეთის რაიონში გასამართი კულტურული ღონისძიების „საჩუქარი დედას“ სახელმწიფო შესყიდვა.
რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგეობას, მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, გამგეობამ მხოლოდ ერთი ტენდერი შეწყვიტა, ტენდერის დეტალები დაკონკრეტული არ არის. დიდუბის რაიონის გამგეობიდან კი „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, რომ თებერვალ-აპრილის პერიოდში ტენდერები არ შეუწყვეტიათ და დაწყებული სამუშაოებიც არ შეჩერებულა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეწყვეტილ ტენდერებს, მერიამ შეწყვიტა 155 900-ლარიანი ტენდერი გლდანის პატარა ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; ასევე, 347 500 ლარის ღირებულების ურბანული საბავშვო ატრაქციონების შესყიდვა; 22 500 ლარის ღირებულების ტენდერი მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურისთვის სპეციალური მაღალი სიზუსტის მიკრომეტრის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით და ამავე სამსახურისთვის 174 650 ლარის ღირებულების უნიფორმების (მაისურები, კეპები, ქურთუკები, საწვიმარი ლაბადები და ჟილეტები) სახელმწიფო შესყიდვა; 1 მილიონ 457 088 ლარის ღირებულების თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა და ჭავჭავაძის გამზირზე მოსაწყობი ურბანული მოხმარების სკამების სახელმწიფო შესყიდვა, რაც მერიას 1 მილიონ 311 870 ლარი დაუჯდებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიიდან გამოთხოვილი საჯაო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, ჩაშლილი ტენდერების ხელახალი გამოცხადების თარიღი ამ ეტაპისთვის უცნობია.