ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) საქართველოს 75 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფენ. (65 მლნ – EBRD, 10 მლნ – GCF).
როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრესრელიზშია აღნიშნული, სესხი თბილისის მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს.
„თბილისის მოქალაქეები 75 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო სესხით ისარგებლებენ. აქედან 65 მილიონს EBRD უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი მწვანე კლიმატის ფონდიდან (GCF) გამოიყოფა. სესხი დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალების, მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობა EBRD-ის მხრიდან კოროვირუსის პანდემიაზე რეაგირების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, ბანკისთვის კვლავ პრიორიტეტულია მწვანე და მდგრადი საინვესტიციო გადაწყვეტილებები“, – აცხადებს EBRD.
საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა ქვესესხის სახით გადაეცემა ქალაქ თბილისს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სასარგებლოდ და მოხმარდება 40 თანამედროვე მეტროს ვაგონის შეძენას და დეპოსა და გვირაბის რეაბილიტაციას.
ინვესტიცია EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის (EBRD Green Cities) ნაწილია და თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმით (GCAP) გათვალისწინებული შემდგომი ინვესტიციაა. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს საკითხებს, რომლებზეც დაუყოვნებლივ რეაგირებაა საჭირო და, რომლებიც მიმართულია ქალაქის ძირითადი ეკოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ, რომელთაგან ერთ-ერთი ჰაერის ხარისხია. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც GCF/მწვანე ქალაქების პროგრამის მიერ დაფინანსდება.
„მეტროს რეაბილიტაცია და ახალი მოძრავი შემადგენლობა გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას და მგზავრებს კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით უზრუნველყოფს. თბილისში თითქმის 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პიკის საათებში მოძრაობა გადატვირთულია. განახლებული მეტრო ხელს შეუწყობს კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასვლას, რაც უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების საგრძნობ შემცირებას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არაერთი წელია, რაც მხარს უჭერს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას.
„ძალიან მადლიერი ვართ, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისადმი შეუფერხებლად გრძელდება. მადლობას ვუხდით ბანკის გუნდს საქართველოში და მზად ვარ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა მომავალშიც“, – განაცხადა თბილისის მერმა.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში. ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.