თბილისის მერია: კოსტავას ქუჩის ნაწილს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

356

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება და ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოწესრიგდება დაზიანებული საკომუნიკაციო ჭები და სანიაღვრე ქსელი.

„რეაბილიტაციას, რომელიც სამ კვირაში დასრულდება, კომპანია „გზები და კეთილმოწყობა“ განახორციელებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება. თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი 2018 წლის ბოლოს დაასრულა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ასევე, ჩაუტარდა ჟიული შარტავასა და მიმდებარე ქუჩებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.