წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთში მოსახვედრად გრუნტის გზა უნდა გაიარო. სოფელი ბარეთის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1590 მეტრზე მდებარეობს და აქაც, წალკის სხვა სოფლების მსგავსად, მძიმე კლიმატური პირობებია.
ბუნების სიმკაცრესთან ერთად, ბარეთელებს ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიც უხვად აქვთ. ერთ-ერთი უმთავრესი – უგზოობაა. მუნიციპალიტეტი, რომლის წლიური მთლიანი ბიუჯეტი სულ რაღაც 7 მილიონია, ამ პრობლემის მოგვარებას, წლებია, ვერ ახერხებს.
2019 წლის მონაცემებით, სოფელში 479 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ეკომიგრანტებიც. სოფლის მცხოვრებთა ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარება და ბოსტნეულის, უმეტესად კი, კარტოფილის მოსავლიდან მიღებული შემოსავალია. თუმცა, კარტოფილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალიც, როგორც წესი, არასტაბილურია, რადგან ამ დრომდე მოსახლეობას მოსავლის შესანახად საჭირო პირობები არ ჰქონია. ამის გამო კი, კარტოფილი ან ლპება, ან იყინება, ან – ყვავილობას იწყებს.
წალკის მერის წარმომადგენელი ბარეთის თემში, ბიძინა გაბულდანი გვიყვება, რომ აქამდე სოფელში მოსავლის შესანახი სპეციალური სათავსოები არ ჰქონდათ და ადგილობრივები ამისთვის სახლის სარდაფებს იყენებდნენ.
“მოსავალს სახლში ვინახავთ ხოლმე, სარდაფებში, ან ავტოფარეხებში. ამიტომაც, ის ხშირად გვიფუჭდება. კარტოფილი ზამთარში ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო იყინება, სხვა სეზონზე კი მალე ლპება. თუ შენახვის შესაბამისი პირობები არ გვექნება, ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ კი ამ დრომდე ეს პირობები არ გვქონია”, – გვეუბნება ბატონი ბიძინა.
ცოტა ხნის წინ იაპონიის საელჩომ ბარეთში სპეციალური სამაცივრე საწყობის აშენება-აღჭურვის პროექტი დააფინანსა. პროექტის ავტორი ბედიანის ბავშვთა ცენტრია.
“დიდი რაოდენობით მოყვანილი მოსავალი, სანამ სრულად გაყიდი, შეიძლება გაფუჭდეს, მაგრამ თუ ფერმერი მის კარგ პირობებში შენახვას შეძლებს, რამდენიმე თვის მერეც გაცილებით სარფიანად გაყიდვას მოახერხებს. მეგობრებთან ერთად დავგეგმე იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და მოვითხოვეთ თანხა სასაწყობე მეურნეობის აშენებისთვის“, – გვიყვება პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ზვიად ხაფავა, რომელმაც სამაცივრე მეურნეობა უკვე ააშენა და სტანდარტების შესაბამისად მოაწყო კიდეც.
ბარეთელებისთვის საწყობით სარგებლობა, პრაქტიკულად, უფასოდ შეეძლებათ. ერთადერთი, რაც სოფელმა უნდა გაინაწილოს, საწყობის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაა, რაც, როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, იმდენად მიზერული თანხა იქნება, რომ სოფლის მოსახლეობა ამ ხარჯს გასწვდება. ახლა დღის წესრიგში კოოპერატივის ჩამოყალიბებაა – ბარეთელები კოოპერატივის შექმნის პროცესში არიან.
თუმცა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რაც სოფლის მცხოვრებლებმა უნდა შეასრულონ – ეს ბარეთის ტბის გადარჩენაში ჩართვაა.
სოფელთან ახლოს, ზღვის დონიდან 1612 მეტრზე, ბარეთის ტბა მდებარეობს. ტბას მუდმივი შენაკადი არ აქვს, ამიტომაც ის მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს. ბარეთის ტბა წლის ყველა სეზონზე ლამაზია – გაშლილი სივრცეები შესანიშნავ სანახაობას ქმნის, ამიტომაც ის მოგზაურებს განსაკუთრებულად უყვართ.
დღეისათვის ტბა სავალალო მდგომარეობაშია: ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან არხი გაიყვანეს, რომლითაც გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები დღემდე ირწყვება. წყლის არამდგრადმა გამოყენებამ კი მნიშვნელოვნად დაწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.
პროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ სამაცივრე საწყობის გამოყენების სანაცვლოდ, ადგილობრივები, არხოვანის ნაცვლად, გარემოსთვის ნაკლებ საზიანო – წვეთოვან სარწყავ სისტემას გამოიყენებენ. ამით კი უნიკალური ეკოსისტემის მქონე ბარეთის ტბა შენარჩუნდება.
“ბარეთის ტბა, ფაქტობრივად, განადგურების პირას არის მისული. 180 ჰექტარი იყო და 80-მდეა დარჩენილი. ტბიდან სარწყავი არხი საბჭოთა კავშირის დროს არის გამოყვანილი. სათავო ნაგებობა, რომელიც არეგულირებდა წყლის გაშვების რაოდენობას, მორღვეულია. ამიტომ, ვგეგმავთ წყლის გამშვები ახალი ნაგებობის მოწყობას, რითაც ტბის კალაპოტი შეივსება და ავტომატურად ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. ეს სამუშაოები და პარალელურად წვეთოვან სისტემაზე გადასვლა ბარეთის ტბას შეგვინარჩუნებს. თანაც, წვეთოვან სისტემას ხარჯიც ნაკლები აქვს და სხვა ტიპის სისტემისგან განსხვავებით, ნიადაგის ჩარეცხვას და გამოფიტვას არ იწვევს,“ – გვეუბნება ზვიად ხაფავა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, არხოვანი სარწყავი სისტემა წყლის 50%-იან დანაკარგს იწვევს, წვეთოვანზე გადასვლით კი დანაკარგი 5%-მდე შემცირდება.
პროგრამას – მწვანე და ადამიანზე მორგებული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ბარეთის სამაცივრე მეურნეობის დაფინანსება მოხდა, იაპონიის საელჩო 1998 წლიდან ახორციელებს. 20 წლის განმავლობაში საელჩომ 18 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 180-მდე პროექტი დააფინანსა, მათ შორისაა ისეთი საჭირო პროექტები, როგორიცაა სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სოციალური სახლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, ნარჩენების მართვის ტექნიკის შეძენა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.