საქართველოს რეგიონებში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პანდემიისთვის მომზადებისა და მოქალაქეთა ინფორმირების საქმეში მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას იწყებს.
გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, UNDP-ის დახმარებით უკვე გამოიცა და გავრცელდა 30,000 საინფორმაციო ლიფლეტი და პოსტერი, ასევე დამზადდა სოციალური დისტანცირების აღმნიშვნელი სტიკერები. საინფორმაციო მასალები გავრცელდა საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში – მცხეთაში, ზუგდიდში, თეთრიწყაროში, მაღალმთიან ამბროლაურსა და ონში, და ასევე ლენტეხსა და ცაგერში.
საინფორმაციო მასალების გავრცელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი საჯარო მოხელეები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პანდემიის შესაჩერებლად ერთად მუშაობენ.
„კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო საფრთხეა, ჩვენი მდგრადობისა და სოლიდარობის არნახული გამოცდა. საქართველოს რეგიონებში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია აქტიური თანამშრომლობა მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მხოლოდ ასე შევძლებთ, გავუმკლავდეთ ვირუსს და სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა ადამიანს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს “, – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
როგორც UNDP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება პანდემიასთან დაკავშირებული დახმარების ნაწილია, რომელსაც UNDP საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით და შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების მხარდაჭერით ახორციელებს.
„ამავე დახმარების ფარგლებში გამოიცა 35,000 საინფორმაციო ლიფლეტი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. საინფორმაციო მასალები გავრცელდა კარანტინში მყოფ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, შეიქმნა COVID-19-ის ოფიცილური საინფორმაციო ვებ-გვერდის StopCov.ge სომხურენოვანი ვერსია. UNDP-ის ხელშეწყობით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაში, აღიჭურვა 18,000 აშშ დოლარის ღირებულების პირადი დაცვის საშუალებებით – ნიღბებით, ხელთათმანებითა და სადეზინფექციო ხსნარებით. ამ ზომების მეშვეობით უკეთ იქნება დაცული კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება.
პანდემიის პირველივე დღეებში UNDP-იმ სწრაფი რეაგირება მოახდინა საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. UNDP-ის სწრაფი რეაგირების მიზანია პანდემიით გამოწვეული საჭიროებების გამოვლენა როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე და შესაბამისი დახმარების გაწევა. საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო დონორებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, UNDP ხელს უწყობს ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს შორის, რომელთა რიცხვში შედიან მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლები, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
საქართველოს მუნიციპალიტეტების დახმარება შესაძლებელი გახდა UNDP-ის ორი მიმდინარე პროგრამის – რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა და საქართველოში დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა – სწრაფი გადახედვისა და არსებულ ვითარებაზე მორგების შედეგად. აღნიშნული პროგრამები ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.