აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა მას შეთავაზება.
“ვნახოთ, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია რა და როგორ არის. ვიცი, რომ უფლებამოსილების ვადა აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსს დღეს ეწურება. მოადგილე შეასრულებს მოვალეობას დადგენილი წესით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა ნარმანია ამ პოსტს, მან განაცხადა, რომ კონსულტაციები ძალიან ბევრ საკითხზე მიმდინარეობს.
“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. როგორც მე ადრე ვთქვი, ძალიან ბევრ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს მის პოსტს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი აუდიტორის თანამდებობაზე თბილისის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას და უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურები განიხილება.
წყარო: ინტერპრესნიუსი