თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტენდერის შეჩერების მიზეზი COVID19-თან დაკავშირებით არსებული რეალობაა.
„რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვილებების შეტანა, ბევრ პროექტზე უარი ვთქვათ იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში. შესაბამისად, ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული. სამწუხაროდ, ასევე შეჩერდება ბევრი სხვა პროექტი. თუ რომელი პროექტი, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს 29 მილიონ ლარად ყიდულობდა. ტრანსპორტის ფერი ყვითლის ნაცვლად ლურჯი უნდა ყოფილიყო.