„თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნეს სექტორს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების დახმარებისკენ, უპრობლემოდ ხორციელდება.
„ჩვენი ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი მიართულია იმ ადამიანების დასახმარებლად, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი თანადგომა. შესაბამისად, ყველა ეს პროგრამა და პროექტი ყოველგვარი პრობლემების გარეშე ხორციელდება და ვაგრძელებთ იმ ოჯახების და ადამიანების დახმარებას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს.
თქვენ იცით, რომ იჯარის გადახდისგან გავათავისუფლეთ ყველა ის კაფე-ბარი, რომელსაც კაფეების წინ აღებული ჰქონდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიები და ყოველთვიურად უწევდათ გადასახადების გადახდა. ერთი წლის განმავლობაში გათავისფულებული არიან ამ გადასახადებისგან და ასევე, ყველა ის მოიჯარე, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული შენობა- ნაგებობა იქნება ეს თუ მიწა, სამი თვის განმავლობაში, ეს ბიზნესიც გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან. თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნესს სექტორს. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ კომუნალურ შეღავათებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდის მხრიდან გაჟღერებული იქნა, როგორც ელექტროენერგიაზეა იქ საუბარი და გაზზე, ასევე ნარჩენების გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც თბილისში ასევე სხვადასხვა რეგიონებში“, – განაცხადა კალაძემ.
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.
როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, ეს ნაბიჯები მხოლოდ დასაწყისია და მოვლენათა განვითარებასთან ერთად მთავრობა გააგრძელებს შესაბამისი ზომების მიღებას.
ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.