გორში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები პირბადეების არიგებენ

406

წინა სტატია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს უფასოდ არიგებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ენმ-ის საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის გაგრძელებაა.

“გორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გარსევანიშვილის N1, დაიწყო სამედიცინო პირბადეების, ანტიბაქტერიული ხსნარის და ხელთათმანების დარიგება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელებაა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის. გისურვებთ ჯანმრთელობას,”- ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბადრი ბასიშვილი.

გუშინ “ახალი ლიდერების ინიციატივითა”  და  “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს.  სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა.

ხალხმრავლობის გამო “ნაციონალური მოძრაობა” ჯანდაცვის მინისტრმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკრიტიკეს.

ზუგდიდში მომხრად ფაქტს გამოახმაურა “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

“ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე”, – ფეისბუქზე დაწერა მელიამ.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.