დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! – ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი დაიწყო. პროექტის – #უსმინეთბილისს ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები თუ მომღერლები, თბილისის მერიის სოციალურ ქსელში ონლაინ კონცერტებს გამართავენ.
პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიაწოდა. მისი თქმით, დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დარჩნენ სახლში, რათა მსოფლიო გამოწვევას საქართველო ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს.
„მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რათა დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ სახლში, თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან. მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ, ყველა ერთად – ხელისუფლება, საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ურთულეს და უმძიმეს გამოწვევას, რომელსაც მთელ მსოფლიოში ებრძვიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს მათთვის, ვისაც არსებულ რთულ ვითარებაში, მხარდაჭერა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.
„დღეს ყველანი დაძაბული ვართ, რთული მდგომარეობაა. ბევრი პროექტი ხორციელდება, ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამასთან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გავახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით. მოწოდება – დარჩი სახლში, რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერია მიმართავს მოსახლეობას – #უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ – სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები და ჯარი აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.