ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსს ვებრძვით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც ქვეყნისა და ქალაქის მასშტაბით ხორციელდება. თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაწყებულია, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს, ვამონტაჟებთ მიწისქვეშა ურნებს. ეს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ასევე, მოწესრიგდება ვიზალური ნაწილი და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული პრობლემები. აქამდე თუ „თბილსერვის ჯგუფს“ ყოველდღე უწევდა მუშაობა და ნაგვის გატანა, ამ შემთხვევაში, მოუწევს სამ დღეში ერთხელ. როდესაც ურნების გადავსება მოხდება, ავტომატურად სიგნალი მოგვივა, მოვა შესაბამისი მანქანა და მოახდენს ნარჩენების გატანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი ასევე, აღჭურვილია ხუფით ფეხით მოსიარულეთათვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში, გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
კონტეინერების მოცულობა, რაოდენობა და განთავსების ადგილები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და კომპანია „სისტრას“ მონაწილეობით, კონკრეტულ ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის, გამწვანების, ნარჩენების წარმოქმნის, შეგროვებისა და გატანის სიხშირის გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პრაქტიკიდან გამომდინარე განისაზღვრა.
კონტეინერების დასამონტაჟებლად განსაზღვრული ადგილმდებარეობების შერჩევის პროცესში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება მოხდა. კერძოდ, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავებისა და სხვა გამწვანებული ადგილების მდებარეობა. ასევე, კონტეინერების დამცლელი სპეციალური ტექნიკის მოძრაობისთვის საჭირო პერიმეტრი, არსებული და სამომავლოდ მოსაწყობი ინფრასტრუქტურული ობიექტების (კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტის სავალი ნაწილების, საფეხმავლო და ველობილიკების განლაგება, გაჩერებების ადგილმდებარეობები, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების არსებობა და სხვა) ადგილმდებარეობა.
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი თი გრუპი“ ახორციელებს.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე, ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟის პროცესს თბილისის მერთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი გაეცნენ.