დედაქლაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შემთხვევა, რომ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის განკუთვილი პროდუქტი არ იყოს, არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც 176-ე ბაღში პროდუქტების არქონის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება. ყველა ბაღის აღსაზრდელის მშობელს ექნება შესაძლებლობა მობრძანდეს და მიიღოს ბავშვისთვის განკუთვნილი რაციონი. ორ კვირაში ერთხელ ექნებათ ამ საკვების სახლში წაღების შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძე.
თბილისის მერმა ასევე ოპოზიციის იმ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც გასცა პასუხი, რომლის მიხედვითაც კომუნალური გადასახადების დასაფარავად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს.
„ყველა ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას და იმას, რომ საზოგადოებას მხარში დაუდგეს ხელისუფლება, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.