კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან პარლამენტში შესვლაზე კონტროლი მკაცრდება. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შემსვლელ ყველა პირს, მათ შორის დეპუტატებსაც, სიცხეს გაუზომავენ. ამისათვის შესაბამისი აღჭურვილობა პარლამენტს სპეციალურმა სამსახურებმა უკვე გადასცეს.
პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან და მიეცემათ რეკომენდაცია, რომ ექიმს მიმართონ.
დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები. გაიღება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარე. დროებით შეჩერებულია საშვების გაცემაც.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები შეეხო მედიასაც. დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.