კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება

728

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის (მაგალითად, კომპანიის, რომელიც კარანტინში მყოფ თანამშრომელს სამსახურში მისვლას აიძულებს) დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში კარანტინი ნიშნავს თვითიზოლაციასაც.

რაც შეეხება კარანტინის წესს, მას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად, უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.

ასევე, თუ დაჯარიმებული პირი ხელმეორედ დაარღვევს კარანტინის წესს, უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოდის.

რაც შეეხება “სისხლის სამართლის კოდექსში” განსახორციელებელ ცვლილებებს, კანონის პროექტის მიხედვით, თუ კარანტინის წესს დაარღვევს ადამიანი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მაშინ ასეთ პირს მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

ამასთან, პროექტში შენიშვნის სახით ნათქვამია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.