თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მგზავრთა რაოდენობა კორონავირუსის გამო 35% არის შემცირებული, – ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასევე შემცირდა მგზავრთა რაოდენობა ავტობუსებშიც.
„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც კრონავირუსის საფრთხე გაჩნდა, მეტროში 35%-ით არის შემცირებული მგზავრთა რაოდენობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში 30%-ით“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან.
„სამსახურებთან დაკავშირებითაც იქნა გაცემული რეკომენდაციები, რომ დისტანციურად უნდა იყოს მუშაობა, რა ღონისძიებებსაც მიმართეს შესაბამისმა უწყებებმა. როდესაც ვსაუბრობთ სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, ეს არის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა და გავითვალისწინოთ“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ჯერ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ რუსთავიდან თბილისამდე მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნოს.