პარტია ,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიას ორი რეკომენდაციით მიმართავს.
თეონა ჭალიძის განცხადებით, მობილიზება და კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია.
,,საყურადღებოა ამ კრიზისის დროს ის ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება აქვთ შეჩერებული და ის 8 000-მდე ადამიანი, რომელიც უფასო სასადილოთი მომსახურებას ითხოვდა და მათი განცხადებები არ იყო დაკმაყოფილებული. შესაბამისად, ისინი საერთოდ ყველანაირი მხარდაჭერის მიღმა დარჩა მერიას. მოვუწოდებ ყველა გამგეობამ ამოიღოს ეს განცხადებები და ყველა ოჯახთან მოხდეს კომუნიკაცია, გამოინახოს რესურსი ამ ოჯახების მხარდასაჭერად მერიის მხრიდან და ასევე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დახმარების მსურველებს უშუამავლოს რაიონულმა გამგეობებმა.
ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტომ ამოიღოს იმ ოჯახების სია, ვისაც შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა და მიიღოს ზომები იმისთვის, რომ კრიზისულ სიტუაციაში აღნიშნული ოჯახები არ დარჩნენ საკვების გარეშე. აუცილებელია მობილიზება და კოორდინირებული მუშაობა“,-აცხადებს თეონა ჭალიძე.
როგორც პარტია „ახალ საქართველოში“ აცხადებენ, პარტიის სოციალური სამსახური მზად არის, როგორც აქამდე, ამჯერად მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია გაუწიოს ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს და საჭიროებისამებრ მოახდინოს რეაგირება.
პარტიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე: 591051601.