ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელების კუთვნილ არამალფუჭებად პროდუქტებს, რომლის სახლში წაღებასაც მშობლები შეძლებენ, მომმარაგებელი კომპანია დააფასოებს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფასოებული პაკეტების წაღება მშობლებს ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ.
ამასთან, სააგენტოში უარყოფენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღსაზრდელებისთვის გამოყოფილი არამალფუჭებადი პროდუქტი ძალიან მცირე – 200-300 გრამის ფარგლებში იქნება.
სააგენტოში არც იმას ადასტურებენ, რომ ბაღების აღსაზრდელებისთვის ყოველდღიური რაციონით გათვალისწინებული პროდუქტების ჯამური წონა ბავშვების რაოდენობაზე გაიყოფოდა და მათზე გასაცემი პროდუქტების მუცულობაც 200-300 გრამის ფარგლებში ამის მიხედვით განისაზღვრება.
ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროექტი არ არის კავშირში ბაღებში არსებულ მოქმედ მენიუსთან და გაიცემა განსხვავებული რაოდენობით.
„მომმარაგებელი კომპანია, რომელიც ბაღებს ამარაგებს, შემოიტანს პროდუქტს, ოღონდ მოიტანს დაფასოებულს. იქნება არამალფუჭებადი პროდუქტები, ძირითადად ბურღულეული და თითო ბავშვის წარმომადგენელს შეეძლება ორ კვირაში ერთი პაკეტი წაიღოს. ეს არ გაიცემა როგორც ის ულუფა, რომელიც ბაღში აქვთ მენიუში. ეს არ არის კავშირში მოქმედ მენიუსთან. ეს იქნება დაახლოებით ამ მოცულობით – ერთი კილო წიწიბურა, ერთი კილო მაკარონი, შაქარი, ზეთი. პროდუქტი გათვალისწინებულია ყველა აღსაზრდელის ოჯახისთვის. რამდენი აღსაზრდელიც გვყავს, იმდენი პაკეტი გაიცემა და არ დაიყოფა სოციალური სტატუსის მიხედვით, ყველაზე მოხდება გაცემა. ბაღის ადმინისტრაცია დაუკავშირდება ოჯახს და შედგება გრაფიკი, ვინ როდის წაიღებს პროდუქტრს, რომ ხალხმრავლობა არ იყოს. პარალელურად, ბაღის პერსონალი იქნება შესაბამისად ეკიპირებული, რომ დაცული იყოს ვირუსის გადადებისგან“, – აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ინიციატივით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, მშობლები ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას შეძლებენ.