კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სატრანსპორტო კომპანიამ 60 000 ლარამდე, „თბილსერვის ჯგუფმა“ 1130 ლარი დახარჯეს, დედაქალაქის სარეზერვო ფონდიდან კი 15 000 ლარი გამოიყო

1143

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო ღონისძიებებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 60 000 ლარამდე, „თბილსერვის ჯგუფმა“ 1130 ლარი დახარჯეს, ამასთან თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოიყო. ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა დედაქალაქის მერიიდან გამოითხოვა.

როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, აომელიც დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსების, მეტროს და საბაგიროს მომსახურებაზეა პასუხისმეგებელი, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ჩასატარებელი სადეზინფექციო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკუთარი სახსრებით ჯამში 59 560 ლარის შესყიდვა განახორციელა. კერძოდ:

850 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი – 16150 ლარი;

1000 ცალი სამედიცინო პირბადე – 300 ლარი;

100 ცალი რესპირატორი – 200 ლარი;

46 ცალი ლაბადა -1518 ლარი;

38 ცალი დამცავი სათვალე – 608 ლარი;

135 წყვილი რეზინის ხელთათმანი – 284 ლარი;

30 ცალი დისპენსერი – 4500 ლარი;

900 ლიტრი ანტისეპტიკური ხსნარი – 36000 ლარი.

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურებას უზრუნველყოფს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკუთარი სახსრებიდან ახორციელებს მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს და დღეის მდგომარეობით კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯი 1130.5 ლარია.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სერვის-ცენტრებისა და საჭიროების შემთხვევაში მერიის მფლობელობაში სხვა ფართების დეზინფექციის ღონისძიებების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 15000 ლარი.