საბურთალოს რაიონში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 317 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აგრეთვე, მოეწყო ბორდიური და 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
მათივე ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
„ჩოხელის ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ასფალტის საფარი ამ დრომდე არ ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ისინი ახლა უკვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 145 419 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოები კომპანიამ „ლ ენდ ლ” განახორციელა.