დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებლე პირებს უფასო სასადილოებში ადგილზე კვება დროებით შეეზღუდათ.
მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეები კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, მათთვის განკუთვნილი საკვების, მხოლოდ გატანის სერვისით ისარგებლებენ.
მათივე თქმით, მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებლე ადამიანებს, საკვების გატანა დღეში ერთხელ 2 საათამდე შეუძლიათ. რაც შეეხება ულუფას, ულუფის მოცულობა არ იცვლება და მოქალაქეები იმ ოდენობას, რაც მათთვის სასადილოში, ადგილზე კვებისთვისაც იყო განსაზღვრული, სახლში წაიღებენ.
რაც შეეხება, თავად შენობებს, ის მერიის ინფორმაციით, სისტემატიურად მუშავდება სპეციალური ხსნარებით და დაცულია ჰიგიენის ნორმები.
ცნობისთვის, თბილისის მასშტაბით 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, ჯამში კი სასადილოებს 41 213 ბენეფიციარი ჰყავს.