კრწანისის რაიონს რვა ახალი სკვერი შეემატება

1373

კრწანისის რაიონში რვა ახალი სკვერი ეწყობა. აქედან, ხუთი სივრცე ორთაჭალაში, სამი კი ფონიჭალაშია. 

გამგეობის ინფორმაციით, ორთაჭალაში ავტოსადგურის მიმდებარედ, გორგასლის ქუჩა N39, 41-ში, 91-სა და N111-ში ახალი რეკრეაციული სივრცეები 2 500 კვ.მ-ზე ეწყობა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს. 

როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა კალათბურთის სტადიონი, სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები, გარეგანათების ქსელი. ტერიტორია კეთილმოეწყობა მთლიანი ღობიგაზონით და გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით. ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები და დაიგება დეკორატიული ფილები. ადგილზე მოეწყობა მულჩირებული გაზონი და დაიდგმება სკვერისათვის საჭირო ყველა ინვენტარი.   

“წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ზოგ შემთხვევაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ზოგ შემთხვევაში კი მოსახლეობას საერთოდ არ ჰქონდა დასასვენებელი კუთხე. თანამედროვე სტანდარტის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე შევუქმნათ მოსახლეობას“, –  განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამში, 632 663 ლარია გამოყოფილი. 

კრწანისის რაიონისთვის 2018-2019 წლებში პრიორიტეტული იყო მეტი რეკრეაციული სივრცის შექმნა მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიონში მოეწყო და რეაბილიტირდა 35 სკვერი და კრწანისის მთლიან ტერიტორიაზე ჯამში, დაახლოებით, 3 ჰექტარზე მოეწყო რეკრეაციული სივრცეები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 736 400 ლარი გამოიყო.  

ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.