თურნავა: 100 წიაღისეულიდან აუქციონზე 60 წარმატებით გაიყიდა – ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ მოქმედებებს კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით

561

კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 100 წიაღისეულის ობიექტიდან 60 წარმატებით გაიყიდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი ობიექტები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში გასხვისდა.

„მიუხედავად კორონავირუსის გამო არსებული გლობალური გამოწვევისა, რომელიც გარკვეულ შეფერხებას იწვევს ბიზნესშიც და ჩვენშიც, გუშინ საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 100 წიაღისეულის აუქციონი. 100 ობიექტიდან 60 საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამოვლენით გავყიდეთ, გავასხვისეთ ბიზნესზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორები შემოვიდნენ 60 სხვადასხვა საბადოზე, აიღეს მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომელიც ჩაიდება როგორც წიაღის მოპოვებაში, ისე მის გადამუშავებაში. ამასთან, მინისტრის განცხადებით, „ეს არის მინიმალური ვალდებულება, რეალური ინვესტიცია და ვალდებულება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, უფრო მაღალი იქნება“.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ წიაღისეულის 60 ობიექტის პრივატიზების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასაქმედება ადგილობრივი მოსახლეობა. ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, აუქციონის შედეგები მნიშვნელოვანია დღეს, კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში.

„ჩვენ გვაქვს მაინც ოპტიმისტური მოლოდინი, ბიზნესსაც აქვს გარკვეული რწმენა, რომ ეს არის დროებითი პრობლემა, რომელიც ადრე თუ გვიან გადალახული იქნება. ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ მოქმედებებს კორონავირუსთან ბრძოლის და პრევენციის თვალსაზრისით და სწორედ ამის ნიშანია ის მაღალი ინტერესი, რაც მათ გუშინ გამოავლინეს წიაღისეულის აუქციონის მიმართ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, 100 წიაღისეულის აუქციონი მომავალშიც გაგრძელდება – საპრივატიზაციო სია ახალი უკვე ობიექტებით შეივსება.